Tuesday, 22 March 2016

მთავარი

  ,,მე რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამადარი"





                                     
                                ა ფ ო რ ი ზ მ ე ბ ი :

,,ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა."

,,ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს."

,,არ–დავიწყება მოყვრისა აროდენ გვიზამს ზიანსა."

,,არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!"

,,არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა."

,,ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია."

,,ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!"

,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!"

,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი."

,,განგებასა ვერვინ შეცვლის, არ–საქმნელი არ იქმნების."

,,გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა."

,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის."

,,დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს."

,,დგომა მგზავრისა ცთომაა."





,,ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა."

,,ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა."

,,ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების."

,,ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!"




,,ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!"

,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია."

,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა–თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების."

,,თუ თავი სენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები."

,,თქმულა: ,,სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!"

,,თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა."

,,თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია."

,,იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!"

,,კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, კარგი რა საკვირველია!"

,,კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად."

,,კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!"

,,კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა."

,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია."

,,მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა."

,,მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია."

,,მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!"

,,მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია."

,,მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!"

,,მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად."

,,მტერი მტერსა ვერა ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს."

,,მაგრა თქმულა: ,,კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების."

,,მართლად იტყვის მოციქული: ,,შიში შეიქმს სიყვარულსა."

,,ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!"

,,ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი."

,,ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად."

,,რასაცა გასცემ, შენია, რაც არა დაკარგულია!"

,,რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა."

,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების."

,,რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?"

,,რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?"

,,რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა."

,,სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!"

,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა."

,,სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად."

,,სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა."

,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა."

,,სხვა სხვისა ომსა ბრძენია."

,,უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია."

,,უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან."

,,ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად."

,,ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა გმობს და აგრე ცრუობს."

,,ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია."

,,ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა,
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა."

,,ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა."

,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად."

,,ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული."


  • ,,ვეფხისტყაოსანში" ოთხჯერ არის დასახელებული ავტორი, როგორც რუსთველი.
  • შოთა რუსთაველის ტრადიციული სურათი XVIII საუკუნის ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნიდან" მომდინარეობს.
  • ზიჩისეული ილუსტრაციების გმირთა პროტოტიპებია: მამია გურიელი - შოთა, ჯამბაკურ გურიელი - ფარსადანი, ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი - თინათინი, ქაიხოსრო გურიელი - როსტევანი. 
  • სულხან-საბას ,,სიტყვის კონაში" ,,ვეფხისტყაოსანზე" მითითება ახლავს 50-მდე სიტყვას. 
  • XVIII საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე ტიმოთე გაბაშვილი ასე წერს რუსთაველის შესახებ: ,,მთქმელი ლექსთა, ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმიდისა წილ ბილწება და განრყვნა ქრისტიანობა." 
  • 1965 წელს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთის მცხოვრებ დალი ნანეიშვილს ერთად შეეძინა სამი შვილი, რომლებსაც ,,ვეფხისტყაოსნის" გმირთა სახელების მიხედვით ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი დაარქვა.
  •  ,,ვეფხისტყაოსანში" მოხსენებულია ოცდაცამეტი სახეობის ცხოველი, აქედან თორმეტი შინაურია.
  •  ქართველი მეცნიერები პოემაში დადასტურებული ადგილებით ამტკიცებენ, რომ შოთა რუსთაველი ჰელიოცენტრისტი იყო. ჰელიოცენტრიზმის გზით ქართული ასტრონომიის განვითარება ,,ვეფხისტყაოსნის" გარდა სხვა წყაროებიდან არ დასტურდება. 
  • მიხაი ზიჩი ,,ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების შესაქმნელად  ჯერ სტუდიურ დადგმით ფოტოებს იღებდა, შემდეგ მათ მიხედვით ქმნიდა ესკიზებს. მისი ილუსტრაციებით გაფორმებული ,,ვეფხისტყაოსანი" კი გიორგი ქართველიშვილის მხარდაჭერით გამოიცა.
  • 1709 წელს ვახტანგ მეექვის მიერ გაისნა პირველი ქართული სტამბა თბილისში. პირველად 1712 წელს სწორედ აქ დაიბეჭდა ,,ვეფხისტყაოსანი."
  • ვახტანგ მეექვსის სტამბაში ,,ვეფხისტყაოსნის" 1000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. იმ ათასიდან დღეს 21 ცალიღაა შემორჩენილი. 
  • უნგრელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა მიხაი ზიჩმა მის მიერ შესრულებული ,,ვეფხისტყაოსნის" 34 ილუსრაცია ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. 
  • მეჩვიდმეტე საუკუნის ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის - მამუკა თავაქალაშვილის მიერ 1646 წელს გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი" დღემდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერია. ილუსტრაციების გარდა აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის  პორტრეტები.
  •  ,,ვეფხისტყაოსნის" სათანადო ადგილების და სტროფების გაშიფრვით გიორგი თევზაძემ გამოიკვლია, რომ ასტრალური შინაარსის შემცველი ყოველი სტროფი თუ სტრიქონი ციურ მოვლენებზე დაკვირვებისა და მათი ჭეშმარიტი ცოდნის შედეგია. რუსთაველის ასტრალური წარმოდგენები, მისი შეხედულებანი მზის სისტემაზე გაცილებით სწორი და პროგრესული იყო, ვიდრე მაშინ გაბატონებული აზრები.
  •  აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა ,,ვეფხისტყაოსანში"უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი,  რომელიც მეცნიერთა მიერ მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში იქნა შემუშავებული.
  •  სამეცნიერო მონოგრაფიამ - ,,რუსთაველის კოსმოლოგია" დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

Sunday, 20 March 2016

ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს"





ჩვენ ვქმნით ილუსტრაციებს, ხელნაწერებს, ვიდეოებს






























,,ვეფხისტყაოსანზე" უთქვამთ

       

           ,,შემოქმედება აზრს შეუზავა,
            ვეფხის დაარქვა მან ტყაოსანი
           და საუკუნე გააუკვდავა!"
                                    გალაკტიონი


                ,,ვეფხისტყაოსანზე" უთქვამთ:


       ნოდარ დუმბაძე – ,,ჩემი რუსთაველი"

         ,,არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს, როგორც ბავშვობისას ძილისპირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი, ან ამბავი რამე.
     მე არ მახსოვს რამდენი წლისას მიკითხავდა დედა ,,ვეფხისტყაოსანს" ან ოდესმე ეთქვას ჩემთვის ეს ადგილი ზეპირად ისწავლეო. მე მახსოვს მხოლოდ ის, რომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი და ეს უზარმაზარი წიგნი, ,,ვეფხისტყაოსანი" რომ ერქვა, მხოლოდ ლამაზი, ფერად–ფერადი სურათებით გაწყობილი ყუთი იყოს ჩემთვის, რომლიდანაც დედაჩემი ცისარტყელასავით ჭრელ, ლამაზ სიზმრებსა და ძილისმომგვრელ სიმღერებს ალაგებდა, მიწყობდა სასთუმალს და ალბათ ისევ დედის გამოა, რომ ეს ლამაზი უკვდავი წიგნი დღემდე მიდევს სასთუმალს, როგორც:
ავადმყოფს – წამალი,
ხეიბარს – ყავარჯენი,
მეომარს – იარაღი და მწერალს ქართული სიტყვის თვალმარგალიტით სავსე, აუწონელი საუნჯე და სალარო.
        მე ახლაც მიკვირს წერა–კითხვის უცოდინარმა ბავშვმა როგორ ვისწავლე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ზეპირად:
        ,,აწ საყვარელსა მიუწერს გულ–ამოსკვნილი, მტირალი.
         მისმანვე ცრემლმა დაუვსის, ვის ედებოდეს ვის, ალი.
         დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი.
         ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი."
         ცნობილია, რაბინდრანატ თაგორის ლექსებს ბენგალიელი წერა–კითხვის უცოდინარი მეთევზეებიც კი მღერიან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მათი შინაარსი არ ესმის, მაგრამ იმდენი ღვთიური, ზეციური მუსიკაა შიგ ჩაქსოვილი, იმდენი სითბო და ისეთი სულში ჩამწვდომი იდუმალება, და ყოველივე ამასთან ერთად ისეთი გასაოცარი უბრალოება, რომ ლექსი თავისთავად მღერის და ვისაც უსაუბრია ამ ბენგალიელ მეთევზეებთან, ამბობენ, რომ მეთევზეები ირწმუნებიან, ყველაფერი გვესმის, ყველაფერს ვგრძნობთ, განვიცდით, ოღონდ ვერ ვამბობთო. და მე მჯერა მათი... აბა ნახეთ, განა შეიძლება ქვეყნად იყოს რამე ამაზე გასაგები, ამაზე უბრალო, ამაზე სადა, ლამაზი და გენიალური?!
      ,,იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
      მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ–მრავალი, ყმიანი,
      მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
      თვით მეომარი, კვლა მოუბარი წყლიანი."
      ასე უმარტივესი, უბრალო და განსაცვიფრებლად სადა აკორდებით იწყება ბეთხოვენის ,,მთვარის სონატაც" და ,,აპასიონატაც," რასაც შემდეგ მოსდევს აბობოქრებული, ყოვლის უზენაესი, სულისა და გულის დამდუღებელი და წამლეკავი ოკეანის მოვარდნა და მოქცევა...
      ერთი რამ არის ფრიად საგულისხმო: ძველი ქართულის არასპეციალისტთათვის , ისევე უბრალო მოკვდავთათვის, როგორიც მე ვარ და მრავალი ქართველია, არათუ მეთორმეტე–მეცამეტე საუკუნის ქართული ენა, არამედ გაცილებით უფრო გვიანდელიც კი თითქმის გაუგებარია ლექსიკონის გარეშე. მაშ, რაღაშია საქმე, რატომ არის ,,ვეფხისტყაოსანი" ასე გასაგები ყველა ქართველისატვის, დაწყებული გუთნისდედიდან, ან თუში მწყემსიდან, ვიდრე ატომური რეაქტორის მაღალკვალიფიციური ინჟინრისთვის?
      საქმე ისაა, რომ ალბათ რუსთაველი იყო პირველი ქართველი მწერალი, რომელიც მიხვდა, რომ მხოლოდ ხალხს შეუძლია მისცეს უკვდავება ლიტერატურული ქმნილების ავკარგიანობისა და მხოლოდ ხალხს შეუძლია შეუნახოს შთამომავლობას სიტყვა წინაპრისა.
      და მან პირველმა მწერალთა, პოეტთა, მოშაირეთა შორის საქართველოში დაწერა თავისი გენიალური ქმნილება ხალხის ენაზე, საერო ენაზე და სასწორზე დადო საკუთარი ლიტერატურული კარიერაც, კეთილდღეობაცა და შემოქმედებაც.
      და თუ თვალს გადავავლებთ საუკუნეების მანძილზე ,,ვეფხისტყაოსნის" გარშემო შექმნილ პოლემიკას და ბრძოლას მის წინააღმდეგ. ერთ–ერთი მთავარი ბრალდება რუსთაველის მიმართ სწორედ ის გახლავთ, რომ მისი ნაწარმოები საეროა და არა სასულიერო. არა მხოლოდ სამეფო სასახლის, ეთიკეტის, ტრადიციის ენაზე დაწერილი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ იქნა უარყოფილი თავის დროზე ,,ვეფხისტყაოსანი."  განა ამის გამო არ უარყო, თავის დროზე კონსერვატულმა ინგლისმა, კაცობრიობის სიამაყე შექსპირი, რომელმაც ლიტერატურაში ხალხის, დემოსის ,,ბაზრული" სალაპარაკო ენა შემოიტანა?! და საყოველთაო საკუთრებად, ხალხის საკუთრებად აქცია თავისი გენიალური ქმნილებანი?!
       აქ ორმხრივ ურთიერთგამდიდრებასა, გადარჩენასა და გაუკვდავებასთან გვაქვს საქმე ისე, როგორც რუსთაველმა და შექსპირმა უკვდავყვეს თავიანთი ენა და ხალხი. ისე უკვდავყო ხალხმა და ენამ მათი სახელები. განა ასე არ მოიქცა ქართველ განმანათლებელთა ჯგუფი ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას და სხვათა სახით, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები გადაგვარებას გადაარჩინეს ქართველი ერი და ენა მისი იხსნეს კონსერვატიზმისაგან, რომელიც ელის ყველა ერის ენას, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ის ბუნებრივი პროცესები, რომლებიც თან სდევს კაცობრიობის განვითარებას, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ერის თანამშრომლობასა და ურთიერთობას...
      ერთ–ერთ შეხვედრაზე, რომელიც ამას წინათ მოსკოვში ჩატარდა, ასეთი შეკითხვა მომცეს:
      როგორია როლი ,,ვეფხისტყაოსნისა" თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებასა და საერთოდ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში?
      ნაწარმოების შეფასებას, რომელიც აგერ რვა საუკუნის მანძილზე აძლევს სულიერ საზრდოს საქართველოს, და ვინ იცის, კვლავ რამდენ საუკუნეს იქნება იგი ჩემი ერის სულიერი საუნჯე. ამის ახსნას, არა მგონია, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დრო ეყოს, და მარტო ეს დრო კი არა, მთელი ჩემი სიცოცხლეც კი. და თუ თქვენ მე გიყვარვართ, თუ გჯერათ ჩემი, და თუ მთვლით მწერლად, რომლის სიტყვას რაიმე ფასი აქვს თქვენთვის, თქვენ პატიოსან სიტყვაზე უნდა მენდოთ, და უნდა დამიჯეროთ, რომ მსგავსი რამ კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. ეს არის მზე, რომელიც ჯერჯერობით, საუბედუროდ, საქართველოს ცაზე ბრუნავს მხოლოდ.
      და მე გულწრფელად მეცოდება და უბედურად მიმაჩნია ის კაცი, რომელსაც ქართულად არ წაუკითხავს ,,ვეფხისტყაოსანი," ისევე, როგორც თქვენ, და მეც, რა თქმა უნდა, გვეცოდება და უბედურად მიგვაჩნია ის კაცი, რომელსაც პუშკინი არ წაუკითხავს რისულად. – ასე ვუპასუხე და მომეჩვენა, რომ მათ დამიჯერეს...
      კიდევ ერთი თვისების გამო უყვარს ხალხს ,,ვეფხისტყაოსანი." თუ ,,ვეფხისტყაოსანი" არ იცი, ძნელად დაგიჯერებს ვინმე, რომ ქართველი ხარ.
      ...კაცობრიობის გაჩენის დღიდან არც ღმერთისთვის, არც სიყვარულისთვის, არც მეგობრობისთვის, არც ვაჟკაცობისთვის, არც ქალისთვის, არც კაცისთვის, არც მზისთვის, არც ცისთვის, არც დედამიწისთვის ასეთი დიდებული ჰიმნი ჯერ არავის არ უმღერია!"

         
        დევიდ მარშალ ლანგი – ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, ქართველოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი:
        ,,ინგლისში ვამაყობთ იმით, რომ მთელს მსოფლიოში რუსთაველის შემსწავლელთა შორის პიონერებად ვითვლებით... რით აიხსნება პოემის ასეთი პოპულარობა? იმით, რომ რუსთაველი აერთიანებს უშუალო ადამიანურ განცდებს ღრმა ფილოსოფიურ გაგებასთან... ,,ვეფხისტყაოსანი" მარტო სასიყვარულო ამბავი არ გახლავთ. ეს არის ჰიმნი მეგობრობისა, ერთგულებისა, მაღალი მისწრაფებებისა. იშვიათად სადმე ყოფილა პოეტური ხედვა ასე ფართო, ყოვლის მომცველი და მშფოთვარე. იმდენად აბობოქრებული, რომ თითქოს ეს–ეს არის სამყარო უნდა შეეჯახოს რაღაცას, აღრიოს ის პირველყოფილ ქაოსში, მაგრამ დიადი პოეტის შემოქმედებითი სუნთქვა აშოშმინებს ამ აზავთებას, დაჰყავს ის მკაცრ ჰარმონიულობამდე..."

                   ისტორიები ,,ვეფხისტყაოსანზე"


   

თენგიზ არჩვაძე –
რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი:

       ,,იყო დრო, მამაჩემმა ერთ ცალ პურში აბრეშუმისყდიანი, ზიჩის ილუსტრირებული ,,ვეფხისტყაოსანი" გაცვალა. იმ კაცის გვარი მაშინ მე, პატარამ, ჩავინიშნე...
      დიდი ხნის შემდეგ ის წიგნი დავიბრუნე. ერთი მანქანის საღირალი გადავიხადე შიგ. მამისეული წარწერაც ჰქონდა იმ წიგნს. არაჩვეულებრივი კალიგრაფია ჰქონდა მამას!..."
                                გაზეთი ,,კვირის პალიტრა"
                                     თებერვალი. 2011წ.



გიორგი ოჩიაური
 – მოქანდაკე:



    ,,...არხოტში წერა–კითხვის უცოდინარი ორი და მეზობლად ცხოვრობდა. კარგად ამუშავებდნენ კარ–მიდამოს, განსაკუთრებით თამბაქოს მოსავალი მოჰყავდათ.
      ... ზამთარში დიდთოვლობისას უფროსი თაობის თხოვნით ბარიდან ახალგაზრდები ამოაკითხავდნენ. ისინი თამბაქოს გუნდას მანამ არ მისცემდნენ, სანამ ,,ვეფხისტყაოსნიდან" თითო–ოროლა გვერდს არ წაიკითხავდნენ. თეთრ ტილოში გახვეულ–შეფუთული წიგნი ფაქიზად გამოჰქონდათ და შემდეგ ასეთივე მოწიწებით ინახავდნენ..."

             რადიოგადაცემა ,,გალერეა."  14 აგვისტო. 2011წ.

               
 
        1940 წელს გამოცემული ,,ვეფხისტყაოსანი," ლამაზი ყდითა და შესანიშნავი ყუთით სტალინს მიუტანეს, რომელმაც ასეთი შესწორებები შეიტანა: ,,პერევოდ შალვი ნუცუბიდზე" ჩაასწორა – ,,პერევოდ გრუზინსკოგო, შალვი ნუცუბიდზე." სატიტულო გვერდები ჩაასწორა, რამდენიმე ილუსტრაცია დაიწუნა, პირდაპირ გადახაზა და ასე მიჰყვა, თავისი მინაწერები დატოვა. წიგნის ტირაჟი იმწამსვე დააპატიმრეს (გაანადგურეს) და ხელახლა, ზუსტად იმავე ყდაში და იმავე ტირაჟით, 1941 წელს გამოსცეს. ძალიან იშვიათია 1940 წლის გამოცემა. შალვა ნუცუბიძის ოჯახსაც არა აქვს. მხოლოდ გორის მუზეუმშია.

          საინტერესო ისტორია აქვს ბერლინში, 1943 წელს გრიგოლ რობაქიძის ხელმძღვანელობით მომზადებულ მინიატურულ ,,ვეფხისტყაოსანს," რომელიც ქართველი ტყვეებისთვის გამოიცა.
ისინი წიგნს ჩექმაში ინახავდნენ. როგორც ცნობილია, რობაქიძე ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო. წიგნი მიუტანია ჰიტლერისთვის და ლეგენდის მიხედვით, მას წიგნზე მიუწერია ,,ქართველები ნიჭიერი ხალხია." ეს სინამდვილეს შეეფერება თუ არა, არავინ იცის, მაგრამ უტყუარია ის, რომ წიგნს ანტისაბჭოთა შესავალი ჰქონდა. ამის გამო, უშიშროების კომიტეტი დასდევდა. ვერავის ჩამოჰქონდა საქართველოში, თუ ვინმემ მოახერხა, მაშინვე იმ შესავალს ხევდნენ, წიგნს ტოვებდნენ.